„ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც ჰქონდა აწყობილი სქემა, თუ როგორ მოეპარა ხმები “ქართული ოცნებისთვის“ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

81 ფაქტი და სქემა, რომლითაც სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას ამხელს. “ქართული ოცნების“ მტკიცებულებები უკვე პროკურატურაშია. მმართველმა პარტიამ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული სქემა წარუდგინა. საუბარია მანიპულაციაზე, რომლის მიზანი “ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლა იყო.

მათ შორისაა, რეგისტრაცია განსხვავებულ უბნებზე და მანიპულაციები გადასატანი ყუთებით.

ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა გაარკვიოს ვინ არეგისტრირებდა “ოცნების“ მხარდამჭერებს სხვა უბნებზე სხვა პარტიების წარმომადგენელთა სიებში და როგორ ცდილობდნენ, “ქართული ოცნების“ ხმების მოპარვას, სახლში მისატანი საარჩევნო ყუთებით.

ადრესატებისთვის ბრალდებები უსაფუძვლოა. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, თუმცა პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

“ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, რადგან მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველა ფაქტს ბოლომდე ჩაჰყვება, რათა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.

“არის თითიდან გამოწოვილი აბსურდული ბრალდებები, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება და რომელზედაც პროკურატურამ გამოძიება დააანონსა. მიმდინარეობს გამოძიება. ის ადამიანები, ვინც საუბრობენ გაყალბებაზე, არ მიდიან და არ ესაუბრებიან გამომძიებლებს, ანუ ტყუიან.

მეორე მხრივ, ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც ჰქონდა აწყობილი სქემა, თუ როგორ მოეპარა ხმები “ქართული ოცნებისთვის“, როგორ მოეპარათ ხმები მთლიანად საზოგადოებისთვის. თითოეულ ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე. ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.