ვიქტორ ყიფიანი NATO-ს სამიტზე: ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ

ვიქტორ ყიფიანი

NATO-სთან მიმართებით მოლოდინებზე საუბარი ალბათ ყველაზე უმადური საქმეა, რადგან მსოფლიო იმდენად აირია, წესრიგი ამოყირავდა, რომ ბუნებრივია, ჩვენ არა მარტო მტკიცე განცხადებების მხარდაჭერის მოლოდინში უნდა ვიყოთ, არამედ კონკრეტული მოქმედებების,- ამის შესახებ ანალიტიკური ჯგუფის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებრივი შრისა, საერთო კონსენსუსია საზოგადოებაში ჩვენს ამ ზოგად ცივილიზაციურ არჩევანზე. რაც შეეხება მოლოდინებს NATO-სთან მიმართებით, დღეს საუბარი ალბათ ყველაზე უმადური საქმეა, რადგან მსოფლიო იმდენად აირია, წესრიგი ამოყირავდა, რომ ბუნებრივია, ჩვენი სავსებით საფუძვლიანი მოლოდინია, რომ ჩვენ არა მარტო მტკიცე განცხადებების მხარდაჭერის მოლოდინში ვიყოთ, არამედ კონკრეტული - მოქმედებების.

თუმცა, ამ მხრივ რამდენად დაუკავშირდება ეს ორი ერთმანეთს, ალბათ ამ შემთხვევაში ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ. რამდენად მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომ შინაარსობრივი და საგნობრივი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში. ალბათ ეს ამჟამინდელი დღის წესრიგის საკითხი არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება დეკლარაციაში როგორ გამოიხატება მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს მიმართ არის“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი იენს სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.