ვინც ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ პროპაგანდას ეწევა, ან რუსეთის აგენტია ან მათთვის სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს - ბატიაშვილი

ბატიაშვილი

 ვინც დღეს ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ პროპაგანდას ეწევა, ან რუსეთის აგენტია ან რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი აცხადებს და განმარტავს, რატომ არის ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ საკითხი საქარტელოსთვის „ყოვლად მიუღებელი“.

რუსეთის მიერ შემოგდებული ეს ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ საკითხი საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია და აი რატომ:

რუსეთს ნეიტრალიტეტი ესმის, როგორც საშუალება ერთი-ერთზე დარჩეს და ჩაგყლაპოს. მაგალითად, მოლდოვასაც გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეეშვა რუსეთი? უკრაინასაც 2014 წელს ჰქონდა ეს ე.წ. „ნეიტრალური“ სტატუსი, მაგრამ რუსეთმა არ მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია?

საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ არამართებულობა პირველი რესპუბლიკის დროს, როდესაც 1920 წელს აქედან გავუშვით ბრიტანული ჯარები და რამდენიმე თვეში რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია;

ნეიტრალიტეტს საერთაშორისო გარანტიები სჭირდება და სადაა ეს გარანტიები?

ნეიტრალიტეტს ძლიერი საკუთარი არმია სჭირდება. ამ არმიის შენახვას კი დიდი ფინანსები ესაჭიროება. სადაა ეს ფინანსები?

აქამდე, ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი თავად მიისწრაფვიან ნატოში, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ თავს საკმარისად დაცულად არ გრძნობენ და ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ საპირისპირო მიმართულებით?

თუ უკრაინა დათანხმდა რამე სახის ნეიტრალიტეტს, როგორც თავად კიევში აცხადებენ, ეს იქნება არა შვედური ან ფინური მოდელი, არამედ სრულიად ახალი უკრაინული მოდელი აშშ-ს, ბრიტანეთის, თურქეთის და კიდევ რამდენიმე ნატოს წევრი ქვეყნის გარანტიით (ანუ ისევ ნატოს მეხუთე მუხლთან მივდივართ). შესაბამისად, ესეც სულ სხვა სახის „ნეიტრალიტეტია“;

საქართველოში რეფერენდუმია ჩატარებული დასავლურ ორიენტაციაზე (მათ შორის, ნატოზეც) და ეს ჩაწერილია კონსტიტუციაშიც. ანუ ამ ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ პროპაგანდა ხალხის ნებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლაცაა;

საერთოდაც, ჩვენ ცივილიზაციური არჩევანი IV საუკუნეში გავაკეთეთ და მას შემდეგ ვიბრძვით იდენტობის გადარჩენისთვის. დავით აღმაშენებელს 100 მებრძოლი კი არ უჭირდა, ამ რაოდენობის ჯვაროსნები რომ დააყენა დიდგორის ველზე?! და არც სულხან-საბა ორბელიანი იყო რომის პაპის ფან-კლუბის წევრი კათოლიკობა რომ მიიღო. უბრალოდ, მაშინდელ ნატოს ჯერ ჯვაროსნები, შემდეგ კი კათოლიკობა ერქვა;

ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც დღეს ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ პროპაგანდას ეწევა, ან რუსეთის აგენტია ან რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებს.

ამ ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ თემას ყოველთვის პრორუსული ძალები აყენებენ ხოლმე დღის წესრიგში.არც ადრე გამოუვიდათ არაფერი და არც ახლა გამოუვათ. ამ ქვეყანას ღორებს არ ჩავაბარებთ!“, - წერს ბატიაშვილი.