ვიმედოვნებთ, შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას, სომხეთი აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მივესალმებით სამმხრივი პლატფორმის ინიციატივას - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი

ბოლო დროს სომხეთსა და საქართველოს შორის აქტიური და ძალიან მრავალშრიანი ურთიერთობაა. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის, მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, გრძელდება შეხვედრები მაღალ დონეზე, ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის.

„გასულ წლებში თანამშრომლობის უპრეცენდენტო აქტივობა გვქონდა, სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციამ საფუძველი შეუქმნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მხრიდან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის განცხადება, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველო-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრვალმხრივ ფორმატში ვითარდება.

დღეს, ჩემს კოლეგასთან ერთად შევეხეთ სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგის მრავალ თემას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებს, სპორტისა და ახალგაზრდობის თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. დღეს განვიხილეთ ასევე რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხი. სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობისა და განვითარების საკითხზე და გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად.

„ვიმედოვნებთ, შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას. სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენს ძალისხმევას, მივესალმებით სამმხრივი პლატფორმის შექმნის შესახებ თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე, ტერიტორიულ და ასევე გლობალურ საკითხებზე. მინდა, გამოვთქვა სურვილი და მზადყოფა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.