1732386875
ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას - სალომე სამადაშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე
მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად - ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არ უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს სამართლის აღსრულებასთან და არევაძე არის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად შერჩეული მოსამართლე, რომელმაც წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება წაიკითხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც.
„სააკაშვილის საკითხზე პოზიციას დიდი ხანია ვაფიქსირებთ და ეს პოზიცია ცნობილია და მას ვაფიქსირებთ ყველა ტრიბუნიდან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა, არ უწყობს ხელს არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას, არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას და საბოლოო ჯამში აზიანებს იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართულნი,"- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილებას სააკაშვილის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ წყვეტენ საპარლამენტო მუშაობას. პარტია დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას.