ვიღაცებს უკვირთ, როცა ვამბობ, რომ სააკაშვილი ადამიანებს წირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მონაყოლი სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ სააკაშვილი ადამიანებს სწირავდა საკუთარი პიარისთვის, ირაკლი გედენიძის მიერ მოყოლილი მთის ეპიზოდი, სააკაშვილის ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის შესახებ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა ირაკლი გედენიძეს აღნიშნული წინადადებით მას შემდეგ მიმართა, რაც ფოტორეპორტიორმა გაიხსენა მაშინდელ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრა ციხიდან გამოშვების შემდეგ.

„შემდეგ ვიღაცებს უკვირთ, როცა მე ვიტყვი, რომ ადამიანებს სწირავდა სააკაშვილი საკუთარი პიარისთვის. ეს მთის ეპიზოდი, მისი ამორალურობის კიდევ უფრო მძიმე განაჩენია ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მან დაგმართათ ციხეში. ყველა ზღვარს სცილდება. მსხვერპლისადმი ეს ამორალური ქმედება“, – მიმართა წულუკიანმა გედენიძეს.

ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ კომისიის სხდომაზე, მათ შორის ისაუბრა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მთაში და მასთან ფოტოს გადაღება მოისურვა.

გედენიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საუბრისას ჰკითხა, „ვინ გაუჩალიჩა დაკავების ამბავი, ვანომ თუ ახალაიამ“.

„ციხიდან გამოშვებიდან ორ კვირაში შევხვდი მას. საშინლად დასტრესილი ვიყავი, ქუჩაში ვერ გავდიოდი. მეუღლემ და მეგობრებმა მირჩიეს, მთაში წასვლა. წავედით ტურით ტობა ვარჩხილზე. 4-5 დღეს იყო საჭირო ასვლა-ჩამოსვლით. მეორე დღეს ამინდი გაუარესდა და ვიკითხეთ, რატომ არ მივდიოდით, გვითხრეს, რომ ვიღაცას ელოდებოდნენ. ყველამ იცოდა თურმე, რომ სააკაშვილი უნდა ამოსულიყო. მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებია, არჩევნების წინა პერიოდია უკვე. ვიღაცამ ჩუმად მითხრა, სააკაშვილს ველოდებითო. როცა ამოვიდა, ვიფიქრე, რომ არ გაჰკვირვებია ჩემი იქ დანახვა. შემდეგ ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ცოტა მოშორებით დავბანაკდით. მეორე დღეს დამიძახა, რომ მივსულიყავი. დაცვას უთხრა, რომ ისინი არ სჭირდებოდნენ. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ჯანმრთელობის მოკითხვის შემდეგ, თუ როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, მკითხა, ვინ გამიჩალიჩა ეგ ამბავიო. ვის უნდა გაეჩალიჩებინა-მეთქი, კითხვა შევუბრუნე, ახალაიას ან ვანოსო. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. შიდა ინტრიგებში ჩართული და გარკვეული არ ვიყავი. გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. ბოლოს მითხრა, გასაგებიაო. წარმატებები ვუსურვე. ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი და ამაზე არ მისაუბრია. ბოლოს კულმინაცია იყო, რომ დამიძახა, რომ მათთან ერთად გადამეღო ფოტო. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, სასჯელს ვიხდი, პრობაციაში დავდივარ. ამ დროს მეუბნება, რომ ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო. ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ვთხოვე დროშა ეთხოვებინა და ჯგუფის კუთხეში დავდექი. იქვე უნდოდა, ვყოფილიყავი. მერე გავაანალიზე რა უნდოდა, არჩევნების წინა პერიოდი იყო. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, რომ იმ ფოტოზე არ ყოფილიყო. შემდეგ ეს ფოტო ქავერად დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე“, – განაცხადა გედენიძემ.