"ვერცერთი ვერ გეტყვით ახლა პასუხს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში - ჯერ პატრონებისგან ელიან დაკვეთას" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

ირაკლი ზარქუა

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, დღეს გახარიას გუნდში კრიტიკით უპასუხეს და თქვეს, რომ კოლეგების ისტერია მათთვის საინტერესო არ არის. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ფედერალისტები".

დანარჩენ პარტიებს საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვთ. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და გარე ინსტრუქციებს ელოდებიან.

"ვერცერთი ვერ გეტყვით ახლა პასუხს, მიიღებენ თუ არა [მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში] - რადგან მათი პატრონებისგან ელოდებიან დაკვეთას, თუ ეტყვიან, რომ მიიღებთ მონაწილეობას, ყველანი თავიანთ ნათქვამებს ხაზს გადაუსვამენ და მიიღებენ მონაწილეობას, თუ არ ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა და დაფინანსებაც არ იქნება, წავლენ მაშინ სახლში. უცხო ქვეყნიდან მართული რადიკალების შედეგი, ყოველთვის ეს არის - არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ხარ პირდაპირ აგენტურა - ამას ქართველი ხალხი არ გაგიტარებთ,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.