ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი - კობახიძე სააკაშვილზე

ირაკლი კობახიძე

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის ვერც საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ ძალიან მარტივადაა საქმე, მომსახურების თვალსაზრისით საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როდესაც ციხეებში წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს ეს სტატისტიკა 12-ჯერ არის შემცირებული, იმიტომ რომ სრულიად სხვა მომსახურება და პირობებია. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმატებული ვერ იქნება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.