"ვერ ჩავერევი გერმანიის საშინაო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ გერმანია არის დემოკრატიული სახელმწიფო" - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების საგანია, მათ შორის, თბილისში.

"საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, გერმანიაში განხორციელებული ცვლილებები, თუნდაც ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დამოკიდებულია ადგილობრივ კონტექსტზე.

"გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მეტი ურთიერთობები და მეტი კონტექსტი არის გასათვალისწინებელო. გერმანიაში განხორციელებული ცვლილებები, თუნდაც ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დამოკიდებული არის ადგილობრივ კონტექსტზე. თუ კონკრეტულ ქვეყანაში ხორციელდება რაღაც ცვლილებები, პოლიტიკური კლასის გაჯანსაღების მიმართულებით, ეს განპირობებული უნდა იყოს, იმ სამართლიანი დათქმებითა და პრიორიტეტებით, რომელიც არსებობს ქვეყანაში",- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ქვეყანაში, სადაც გამართულად და დამოუკიდებლად მუშაობს ინსტიტუციები, ყველა საკითხზე საუბარი შეიძლება.

"თუ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუციები, გამართულად მუშაობს დემოკრატია, იმ ქვეყანაში შეიძლება საუბარი ნებისმიერ საკითხზე, თუ არსებობს საუბრის დაწყების საფუძველი. ვერ ჩავერევი გერმანიის საშინაო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ გერმანია არის დემოკრატიული სახელმწიფო, არსებობენ დამოუკიდებელი ინსტიტუციები, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს შინაგანი რწმენისა და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეს არის მთავარი", - განაცხადა ლანა გალდავამ.