ვანო მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ჩვენი პარტიისთვის ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა - ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძე

„ნციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია და დამოკიდებულია იმაზე, სამუშაო ჯგუფი როდის დაასრულებს მუშაობას წესებზე.

„არჩევნების ვადა ჯერ არ არის ცნობილი, რადგან სამუშაო ჯგუფს არ დაუსრულებია მუშაობა. როგორც კი დაასრულებს მუშაობას, შემდგომ ჩატარდება პოლიტსაბჭო, რომელიც კენჭს უყრის დიდი ალბათობით რამდენიმე ვერსიას. რა ვერსიაც დამტკიცდება, იმ ვერსიით ჩატარდება არჩევნები. ყველასთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი, მაგრამ ამავდროულად, ამ პროცესმა ძალიან გამჭვირვალედ უნდა ჩაიაროს, რომ ნაკლები კითხვები იყოს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომ ვანო მერაბიშილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, ბაჩო დოლიძე შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ თავად ვანო მერაბიშვილმა უნდა გააკეთოს განცხადება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აქტიურად ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სადავეებთან.

„დიდი ალბათობით, თვითონ ვანო მერაბიშვილმა უნდა გააკეთოს ეს განცხადება, ნიშნავს ამას თუ – არა. ასე რომ, ეს კითხვა მასთან“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ამავდროულად, ბაჩო დოლიძის განმარტებით, ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შეცდომა იქნება რომელიმე ადამიანის გუნდიდან წასვლა.

ამასთან, ბაჩო დოლიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება.

„იმ შემთხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს ექნება აღნიშნული ამბიცია, რომ წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობა, რაც ჩემთვის ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა განსაზღვრონ სამომავლო გეგმები და ადეკვატურად შეაფასონ, რეალურ დროში რა გუნდი, ვინ იქნება უფრო ეფექტური იმ ბრძოლის წინა პლანზე, რომელი ბრძოლაც უწევს ამ პარტიას, რადგან ამ არჩევნებით არ სრულდება არაფერი, პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის. ხატია დეკანოიძის ნათქვამის ინტერპრეტირება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ ხატიამ უბრალოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სულ ოპოზიციაში ყოფნას, არამარტო ხატია, არამედ ბევრი ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება პარტიაში, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ცვლილებებზე და არა ოპოზიციაში ყოფნაზე. თუ ვინმეს სურს და კმაყოფილდება მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნით, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ყველანი ვართ ორიენტირებული, შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. ჩემგან საუბარი იყო ვანო მერაბიშვილზე, თუ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში პარტიის წინა ხაზზე, ვფქირობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება. ბევრი მიზეზის გამო, მე ასე ვუყურებ, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება. სწორება უნდა გვქონდეს მომავალზე და იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, ამას ჭირდება ეფექტური, ერთ მუშტად შეკრული გუნდი. პიროვნული უთანხმოება ნამდვილად არ მაქვს ვანო მერაბიშვილთან, შეიძლება, მხარს უჭერდეს პარტიას, ურთიერთობა ჰქონდეს უამრავ ადამიანთან, ეს ჩემი საქმე არ არის, არც ვერევი და ვერ დავუშლი ვერავისთან კომუნიკაციას, მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ამ პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილი გუშინ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.