1776620995
ვახტანგ ცაგარელმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში‘‘, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და EPO-ის აკადემიის მთავარმა დირექტორმა, ხავიერ სეუბამ.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატენტებს, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას, რომელიც ამცირებს კომერციულ რისკებს და აუმჯობესებს ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების პროგნოზს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობა ინოვაციების განვითარებაში; ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა; ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები; პატენტები, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტი.
კონფერენციის მეორე ნაწილი სრულად პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომლის ფარგლებში KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ცაგარელმა, ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტების ფუნდამენტურ როლზე თანამედროვე ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში. მან დეტალურად ისაუბრა „საქპატენტსა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე. სწორედ ამ თანამშრომლობამ ჩაუყარა საფუძველი KIU-ში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ - დანერგვას. სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს რეგიონში უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას. მისი მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სასწავლო პროცესს, ქართველ პროფესორებთან ერთად, უძღვებიან WIPO-ის აკადემიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, თანამედროვე კვლევებსა და გლობალური პრაქტიკის ინტეგრაციას.
საერთაშორისო კონფერენცია „საქპატენტის“ მიერ იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს. ამ ნაბიჯამდე საქართველოში ამოქმედდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას.












