ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი აღიარებს აშშ-სთან ურთიერთობებში არსებულ პოტენციურ გამოწვევებს და მზადაა მათზე რეაგირებისთვის

ursula fon der laini

ევროკავშირი აღიარებს აშშ-სთან ურთიერთობებში არსებულ პოტენციურ გამოწვევებს და მზადაა მათზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მზადაა აშშ-სთან მკაცრი და კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„ევროკავშირი მზადაა მკაცრი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის შეერთებულ შტატებთან. თუმცა ჩვენ ასევე ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს აშშ-სთან ურთიერთობებში და მზად ვართ ამისთვის. უსამართლო ან თვითნებური თავდასხმების შემთხვევაში ევროკავშირი მტკიცე პასუხს გასცემს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფები ქმნის არასაჭირო ეკონომიკურ რყევებს და აძლიერებს ინფლაციას.

„ჩვენ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავთ, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ვერთვებით მათში ადრეულ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გვესმის, რომ გვაქვს საკუთარი გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი საშინაო დავალება – ვფოკუსირდებით ევროკავშირის კონკურენტუნარიანობაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.