უნგრეთი რას იტყვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, ვინც მიიტაცა არჩევნები, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

უნგრეთი რას იტყვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, ვინც მიიტაცა არჩევნები, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პიტერ სიიარტოს განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ბრიუსელისგან მივიღეთ წინადადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დავაწესოთ, შეგიძლიათ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ამას ვეტოს დავადებთ“.

„მე არ ვიცი, ერთსულოვანია ევროპა. უნგრეთი რას იტყვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მხოლოდ ოთხმა-ხუთმა ქვეყანამ, რამდენიმე ქვეყანამ აღიარა და მიულოცა, ხოლო მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, მთელმა მსოფლიომ არ აღიარა და არავინ ცნობს ამ რეჟიმს ლეგიტიმურად. სანქციებიც არის ბუნებრივი, რადგან არ შეიძლება, ევროპაში აღიარებული იყოს რეჟიმი, რომელიც იტაცებს არჩევნებს, რეჟიმი, რომელიც ევროპისკენ სვლის პერსპექტივას უკეტავს და თავისუფლების მოთხოვნისთვის ახალგაზრდებს ძვლებს უმტვრევს. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, რომელიც ყოველდღე ძვლებს უმტვრევს ახალგაზრდას, ვინც მიიტაცა არჩევნები, ვინც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩემი პოზიციაა, რომ სანქციები პერსონალურად უნდა დაწესდეს. ფიქრობთ, რომ ადამიანებს, რომლებიც არბევენ, ძალადობენ ქუჩაში, ამოუცნობი ნიშნით გამოდიან, სანქციები არ უნდა დაუწესდეთ? უნგრეთმა კარგიაო და ასე გააგრძელეთ, დაამტვრიეთ ცხვირ-პირიო? სინამდვილეში, ამას უნგრეთიც ვერ იტყვის. ბუნებრივია, თქვენც უნდა გინდოდეთ, რომ ყველას პერსონალურად დაუწესდეს სანქცია, რათა მომავალში საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ვერავინ გაბედოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.