1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შეგნებულად ხდება დაბალი კალორაჟის საკვების მიწოდება, იმისათვის, რომ პატიმარმა დაიკლოს წონაში და ამის საფუძველზე მოხდეს მისი გათავისუფლება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი პრეცედენტი დაუშვას სახელმწიფომ: 9000 პატიმარია, ყველა იშიმშილებს ხვალ და გამოვა გარეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის დაბალკალორიული საკვების მიწოდება ოჯახის წევრების მხრიდან, ერთადერთ მიზანს - მის გათავისუფლებას ემსახურება.
კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ წონის კლებაზეა აგებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე საუბარი ვერ იქნება.
„ეს არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული ჩადენილი. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არ არის, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომ, ჰუმანიტარული საფუძვლით ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. თუ საუბარია ჰუმანიზმზე - 9000 პატიმარია და მათ რა დააშავეს? არიან პატიმრები, რომლებიც გაუფრთხილებლობით მკვლელობის გამო არიან პატიმრობაში, მაგალითად როგორიცაა ავარიები და ა.შ. - ანუ ისინი არ არიან თავისი ბუნებით კრიმინალები, მაგრამ სათანადოდ, ღირსეულად იხდიან სასჯელს და მეორე მხარეს არის ადამიანი , რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, ქვეყნის და ხალხის წინაშე.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნების სასჯელაღსრულების დაწესებულებეში არიან მძიმედ ავადმყოფი პატიმრები, რომლებიც რეანიმაციაში იმყოფებიან, თუმცა, არც ერთი მათგანის შემთხვევაში, სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.