1732386875
უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი - აკაკი მინაშვილი
მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„სულ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები ( 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების „ვიწრო წრეში“ ჩატარების იდეით გამოდიოდა).
ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს პირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია. მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახული „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.
აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნება, ჩვენ, ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა – უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა ამ „პოლიტსაბჭოს“ შემადგენლობაში.
თავმჯდომარის და გენ.მდივნის „ხუთკაციანი კვოტა“ საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის.
სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის „ახალი“ მენეჯმენტი. თან როდის – საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლება გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.
კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს – ვაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა“,- წერს აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში.