1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფრთამ საკუთარი ძალის დემონსტრირება უკვე დაიწყო. ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას მომხრეების მიერ პარტიული თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ოფისებში მოსალოდნელ საკადრო წმენდაზე საუბრობენ.
განვითარებული პროცესების პარალელურად, ნიკა მელია ხელს ვანო მერაბიშვილსა და მის მომხრეებს ადებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ჩანაწერი, რომელშიც ის ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს, მერაბიშვილმა და მისმა მეგობრებმა გაუვრცელეს.
კომპრომატების ომის გაგრძელებას პროგნოზირებს „პრაიმტაიმთან“ კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე. როგორც ის აცხადებს, ჩანაწერების გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
ხოლო რაც შეეხება საკითხს, რას მოუტანს ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა პარტიას, არეშიძე აცხადებს, რომ ხაბეიშვილი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა არ არის, შესაბამისად, ის პარტიის წინ სვლას ნაკლებად წაადგება.
„მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება და დარწმუნებული ვარ, რომ რომ მელია და მისი მომხრეები დღეს თუ არა ხვალ დატოვებენ პარტიას. რაც შეეხება კომპრომატების ომის გაგრძელებას, ეს ის ხერხია, რომელსაც წლებია პოლიტიკურ სპექტრი იყენებს.
ჩანაწერების გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპრობირებული მეთოდია, შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. როგორც ჩანს, კომპრომატების ომს გაგრძელება ექნება. მე რამდენადაც ვიცი, მელიას ფრთას აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ გაუვრცელა ჩანაწერი.
შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგი წევრი სულ წავიდეს პოლიტიკიდან, ზოგი გამოეყოფა მას და ცალკე პოლიტიკური ძალის შექმნას შეეცდება. ხაბეიშვილი არ არის ისეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, რომელზეც შეიძლება დიდხანს მსჯელობა. ხაბეიშვილის ფუნქცია არის პოლიტიკური ექსცესების შექმნა. მას შეუძლია არიოს სიტუაცია და ამას გააკეთებს კიდეც“, - განაცხადა არეშიძემ.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია, როგორ გაგრძელდება მელიასა და ხაბეიშვილის ფრთის "თანაცხოვრება", თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნულზე ამჯერადაც არ გვპასუხობენ.
ცნობისთვის, 30 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები გამოცხადდა. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით, ჩატარებულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. პარტიული ბრძოლა ლევან ხაბეიშვილმა (52,58%) ნიკა მელიას (40%) 5180 ხმით მოუგო.