1750241535
თურქეთში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი გრძელდება

თურქეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც გამართავს უმაღლესი დონის, ორმხრივ შეხვედრებს.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მეზობელ ქვეყანაში თავისი თურქი კოლეგის მიწვევით იმყოფება. უკვე შედგა მათი პირისპირ შეხვედრა. სხვა თემებთან ერთად, აღინიშნა, რომ იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრის განახლება.
მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე, ოფიციალურ თბილისსა და ანკარას შორის კონტაქტების გამყარების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართული დელეგაციის წევრებიც.
"განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის პრობლემები - მათ შორის, მივაწოდე, მას განახლებული ინფორმაცია, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, გვქონდა საუბარი ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე, იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს ვითარდება ისრაელსა და ირანს შორის და ჩვენ ორივე მხარემ გამოვთქვით შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში. ასევე, გვქონდა საუბარი ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის, შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ასევე ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი პოტენციალის ათვისებაზე," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.