1774810263
თუ რუსეთთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი შანსია, მარტო დარჩეთ. გახსოვთ 2008 წელი? - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
"რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ისაუბრა.
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე - როდესაც საქართველოს მთავრობა ომთან მიმართებით ირჩევს პრაგმატულ პოლიტიკას, თუმცა საქართველო ნეიტრალური არ არის, ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ამბობს, რომ არ სურს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რადგან ეს სახიფათოა და შეიძლება "მეორე ფრონტი" გამოიწვიოს, ერთადერთი სიტყვა, რაც ბრიუსელიდან გვესმის, არის "პრორუსული." რატომ ხდება ასე?
ევროპარლამენტარი პასუხობს: "უკრაინის ომის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, ან ხარ ევროკავშირის პოზიციაზე, ან, თუ არ ხარ - მაშინვე "რუსეთის მხარდამჭერად" გნათლავენ. საქართველოს შემთხვევაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, სულ გვესმის, რომ საქართველო რუსეთს უჭერს მხარს. ეს წარმოუდგენელია, კაფკასეული სიგიჟეა. მათ არ აინტერესებთ თქვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაქვთ რუსეთთან. თუ რუსეთთან პრობლემა შეგექმნებათ, დიდი შანსია, მარტო დარჩეთ. გახსოვთ 2008 წელი? ევროკავშირმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ცხოვრება გაგრძელდა. ევროპას უნდოდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ, ნელ-ნელა ფრონტის ხაზიც გაგეხსნათ... თუ რუსეთს ეკონომიკურად შეებრძოლებით, შედეგი თითქმის 2008 წლის ანალოგიური იქნება - ყველაფერი გაძვირდება, ენერგია გაძვირდება. რა მოუვა იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ? თქვენ გაქვთ სპეციფიკური ისტორია და გეოგრაფია. დღეს კი ამბობენ, რომ თქვენი მთავრობა რუსეთის სამსახურში მყოფი ავტორიტარია. ეს სისულელეა. ეს არის სისულელე, რომელსაც უცოდნირობა იწვევს. ამას ერთი ფაქტი მოწმობს, საქართველოს შესახებ გამართულ ბოლო დებატებზე ევროპარლამენტში მხოლოდ 10 სპიკერი იყო, დარბაზში კი 720 წევრიდან 20 დეპუტატი ვიმყოფებოდით. აი, კენჭისყრაზე კი, მოულოდნელად, უმრავლესობა გამოჩნდა, მაშინ, როცა რეზოლუციის განხილვაში მათ 90%-ს მონაწილეობაც კი არ მიუღია. ერთადერთი კითხვა გამიჩნდა, როგორ?" - აცხადებს ტიერი მარიანი.
კითხვაზე - როგორ? თუ ყველაფერი ასე ხდება, როგორ მივიდა ამ მომენტამდე დიდებული ევროგაერთიანება?
მარიანი პასუხობს: "მე ცოტა მეშინია იმის, რად იქცა ევროკავშირი. თავიდან ეს იყო ერთგვარი ერთობა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. მაგრამ ნელ-ნელა მან სულ უფრო მეტი ძალაუფლება მიიტაცა. ეს სრული სიგიჟეა. დღევანდელი ევრობიუროკრატია ცდილობს, ნელ-ნელა ადამიანების აზროვნება შეცვალოს, ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ევროკავშირს უნდა, რომ ყველა სახელმწიფო ერთ ხაზზე იდგეს. მე ვეუბნები ქართველ ხალხს: თქვენ ოცნებობთ ევროპაში ყოფნაზე, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ის ევროპა, რომელზეც ოცნებობთ, დღევანდელი რეალობაა? როდესაც ევროპა ცდილობს თქვენი პოლიტიკის შეცვლას და საერთოდ არ ადარდებს თქვენი ინტერესები, დარწმუნებული ხართ, რომ იქ შესვლა გინდათ, თუ ეს მხოლოდ ვიზების საკითხია? მომავალ წელს საფრანგეთში არჩევნებია, მე მხარს ვუჭერ მარინ ლე პენს და ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენს დასაბლოკად. ნახეთ, რა გააკეთეს რუმინეთში - არჩევნების პირველი ტურის შედეგები არ აღიარეს. საქართველოში ეს არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. მათ იციან საკუთარი ქვეყნის ინტერესი. ისინი ცდილობენ, მიიღონ ისეთი შედეგი, როგორიც მათ სურთ. ამის ფონზე კი, ჩვენს გარშემო, სულ ორმაგი სტანდარტია. მსოფლიოში ბევრგან ხდება აგრესია, მაგრამ შერჩევით, ზოგზე ხმას არ ვიღებთ, ზოგზე - სანქციებს ვაწესებთ. ეს არის ევროპის სისუსტე. ჩვენ ვამბობთ, რომ მორალი ჩვენს მხარესაა, სინამდვილეში კი მხოლოდ ინტერესები გვაქვს და პრინციპებს ყოველ სიტუაციაში ვიცვლით. ეს არის დღევანდელი ევროპა," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.






