„თუ დამიძახეს სასამართლოზე მივცემ ჩვენებას“ - ნიკა გვარამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე

ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მსგავსი ტიპის გამოძიების დაწყება, პირველი არ არის და აქამდეც ბევრჯერ ყოფილა მომსწრე.

მისი თქმით, თუ გამოიძახებენ ის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს.

„ასეთი გამოძიება ათას მეორასეა უკვე. რაც მე თავი მახსოვს, ასეთი გამოძიებების მომსწრე ვარ 2012 წლიდან, მას მერე რაც „რუსთავი 2-ის“ დირექტორი ვარ. ყველა ასეთ საქმეზე დამკითხეს და ეს არ არის სიახლე. თუ დამიძახეს სასამართლოზე მივცემ ჩვენებას. გასაგებია, რომ გამოძიება დაიწყო ფორმალურად, ყოველთვის ასე იწყება და არაფრით არ მთავრდება - მთავრდება უკანონო განაჩენებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა ხელისუფლების არ ეშინიათ.

„სერიოზული პასუხი ამ თემაზე ნამდვილად ვერ გვექნება. ერთი შემიძლია ვთქვა, ნებისმიერი ასეთი ბრალმდებელს გასაგონად, რომ ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს არ გვეშინია არც ამ „პროქსი“ ჯგუფების, ფსევდო სასამართლოსი და მოძალადე „მილიციის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პროკურატურამ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს.

პირველი, ვინც ამ საქმის ფარგლებში იკითხება ნანა კაკაბაძეა - ის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ირკვევა, რომ შესწავლის საგანი ოთხი ოპოზიციური პარტიაა. მოძრაობაში აცხადებენ, რომ 18 იანვარს მიმართეს პროკურატურას - „ნეიტრალური საქართველო“ ითხოვს სამართლებრივად შეფასდეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობა. ისინი ამ პოლიტიკურ ჯგუფებს „ჯაშუშური ქსელის“ მართვაში ადანაშაულებენ.