თუ 500 000-იან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

თაკო ჩარკვიანი

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს მკაფიო გზავნილი ჰქონდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ქუჩაში გამოსვლასა და 200 ათასი ადამიანის მობილიზებაზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ სააკაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა, რაც  მთლიანი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას ნიშნავს.

„კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული მესიჯი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს. რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციებს, ჩვენ ყველა დღე იმიტომ დავდივართ ციხეში ტყვე სააკაშვილთან, პუტინის ტყვესთან, რომ გავცვალოთ პოზიციები. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები და ადამიანებს აქვს განსხვავებული პოზიცია. რუსთაველზე  კი არ უნდა შევიკრიბოთ 10 და 15 ათასი, საუბარია 20 000 კაცის ზეიმზე. ბნელ ოთახში კატის ძებნის საჭიროება ნამდვილად არ დგას,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

უფრო რადიკალური იყო დღეს თაკო ჩარკვიანის განცხადებები. რუსთაველის გადაკეტვის და იქიდან აღარ გამოსვლის იდეაც სწორედ მას ეკუთვნის. პოლიტიკოსის თქმით, პროტესტი სააკაშვილის გადარჩენისთვის დღესვე უნდა დაიწყოს.

„თუ 500 000-იან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. აი ახლა, ამ წამს ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან, მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე. მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ჩვენ ვალდებულები ვართ მის წინაშე, რომ არ მოვაკვლევინოთ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.