„წინა წელს იმაზე მეტი არალეგალი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე ეს მოხდა ბოლო ათი წლის განმავლობაში“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, დღეს საქართველო მიგრაციის პრობლემის წინაშე არ დგას, თუმცა უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რადგან ქვეყანა სამომავლოდ მსგავსი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

როგორც ლევან მაჭავარიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 20 000 მიგრანტია, ხოლო 5 წლის განმავლობაში არალეგალ მიგრანტთა რაოდენობა ნულს უნდა გაუტოლდეს.

"არალეგალური მიგრაცია არის სერიოზული პრობლემა ევროპული ქვეყნებისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბატონმა დონალდ ტრამპმა სერიოზული ბრძოლა დაიწყო ამის წინააღმდეგ. მადლობა ღმერთს, დღეს ეს პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ 5 წელიწადში არ გვქონდეს ეს პრობლემა, ვინაიდან პასუხისმგებლები ვართ მოქალაქეების წინაშე.

წინა წელს იმაზე მეტი არალეგალი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე ეს მოხდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეფექტური ბრძოლაა დაწყებული. კანონმდებლობა, სასჯელი გავამკაცრეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გავუმარტივეთ გამოძიების წარმოება, გავუმარტივეთ ის პროცესი, რომელიც დაკავშირებული არის არალეგალი მიგრანტების გამოვლენასთან, სხვა ტიპის ზომები არის მიღებული სასაზღვრო პოლიციის მიერ, ინსტიტუციურ დონზე სხვანაირად მიდის მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ მიმართულებაში ჩართული იყო, თუ არ ვცდები, ათამდე თანამშრომელი, დღეს რამდენჯერმე არის გაზრდილი ეს რიცხვი.

ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 20 000 მიგრანტი არის საქართველოში, დღეის მდგომარეობით. წელს ვვარაუდობთ 5000-მდე გაძევებას, შესაბამისად, 4-5 წლის განმავლობაში, საქართველოში უნდა იყოს 0 არალეგალური მიგრანტი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.