წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, დავაწესოთ შეზღუდვები - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის.

რაც შეეხება ტურიზმს, კობახიძე განმარტავს, რომ ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და ამ კუთხითაც უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება.

„მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად, ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის კონკრეტული წესებით ამოქმედებასა და სხვა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.