ტრამპი პუტინთან კონტაქტზე: 2021 წლის შემდეგ ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა

დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა, ეპასუხა შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი ვლადიმერ პუტინთან 2021 წელს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საუბარი თუკი შედგა, გონივრული იქნებოდა.

კითხვა დონალდ ტრამპს Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა ინტერვიუს დროს დაუსვა, საფუძველი კი Washington Post-ის წიგნი გახდა, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა.

„მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ გეტყვით, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. თუ მეგობრული ვარ და შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ქვეყნისთვის ცუდი კი არა, კარგია. მას 2 ათასი ბირთვული ქობინი აქვს, ჩვენც. ჩინეთს გაცილებით ნაკლები აქვს, მაგრამ ისინი ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“, - განაცხადა ტრამპმა.