1692302192
ტრამპი გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გრენლანდიის მიერთების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
ამასთან ერთად, როგორც ტრამპი ამბობს, კანადასთან მიმართებაში სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.
„გრენლანდიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, რამე მოხდეს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს [სამხედრო ძალის გამოყენება] ნაკლებად სავარაუდოა კანადასთან მიმართებაში“, - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ კანადა საკუთარ თავდაცვაზე ცოტა ფულს ხარჯვას.
„ისინი ნატოს ყველაზე ცოტას უხდიან. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მათ სუბსიდირებას ვახდენთ, ჰგონიათ, რომ ჩვენ მათ დავიცავთ. ჩვენ ამას ნამდვილად ვიზამთ, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პასუხისმგებლობას სრულად არ იზიარებენ და ეს შეერთებულ შტატებთან და გადასახადების გადამხდელებთან მიმართებაში უსამართლოა“, - დასძინა მან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის გრენლანდიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ტრამპმა არც უარყო, არც დაადასტურა.
„მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ჩვენ ის [გრენლანდია] გვჭირდება. ჩვენ ძალიან გვჭირდება გრენლანდია. გრენლანდია - ადამიანების მცირე ჯგუფია, რომლებსაც ჩვენ მივხედავთ, ჩვენ მათ ვაფასებთ და ასე შემდეგ, მაგრამ ის გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - თქვა ამერიკის ლიდერმა.