1752916661
თორნიკე რიჟვაძის მიმართ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ბოლომდე, მედიასაშუალებები ათას ტყუილს კადრულობენ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არა" - ირაკლი კობახიძე

პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კომენტარები გააკეთეს თორნიკე რიჟვაძის საქმესა და მის მდგომარეობაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმის მსვლელობას პირადად აკონტროლებს და რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დეზინფორმაციების გავრცელების მაგალითებზეც.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავის არავითარი პრეტენზია არ აქვს. მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორისმ მას შემდეგაც, რაც თანამდებობა დატოვა. მასთან რამდენიმე თბილი შეხვედრა მქონდა.
თორნიკე რიჟვაძის საქმის მსვლელობას მუდმივად ვაკონტროლებ, რაც შეეხება სიახლეებს, როდესაც იქნება სიახლეები, საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მაგალითად სამარცხვინო მედიასაშუალებები დავასახელე. ეს მედიასაშუალებები ათას ტყუილს კადრულობენ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება, არ იყოს სტრესული.
ტყუილებს როდესაც ავრცელებთ, ეს ქმნის სტრესულ გარემოს. ჩემთვის ეს არ არის სტრესული, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია. მაგალითს მოგიყვანთ – რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ითქვა, თითქოს ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს, თითქოს მივდიოდი აუზზე და იხურებოდა პოლიციელებისთვის. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ჩემთვის ეს სტრესული არ არის, ყველას აქვს განსხვავებული ფსიქოლოგია, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება თუნდაც ასეთი სამარცხვინო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, სტრესული იყოს. მედია, როგორც ერთ-ერთი მაგალითი დავასახელე, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. საჯარო მაგალითი გითხარით, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ათასი სამარცხვინო ტყუილი ვრცელდებოდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.