თორნიკე ჭეიშვილი გახარიაზე: აბსოლუტურად არ აქვს განცდა იმისა, რომ მის სახელს უკავშირდება მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის დამატებით ოკუპირება, რაც ჩვენთვის არის სერიოზული ტრაგედია

თორნიკე ჭეიშვილი

გიორგი გახარიას აბსოლუტურად არ აქვს განცდა იმისა, რომ მის სახელს უკავშირდება მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის დამატებით ოკუპირება, რაც ჩვენთვის არის სერიოზული ტრაგედია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ქვეყნიდან გაიქცა, სახეგაბადრული, გონორით არის წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვაში. მას [გიორგი გახარია] არ აქვს იმის განცდა, რომ მის სახელს უკავშირდება მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის დამატებით ოკუპირება, რაც ჩვენთვის არის ტრაგედია და გამოწვევა, რასაც სათანადო ანალიზი სჭირდება“, - განაცხადა ჭეიშვილმა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმეორედ დაკითხვაზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ყოველი მომდევნო სესიის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

„რაც შეეხება იმაზე აპელირებას, რომ ამ გადაწყვეტილებას [„გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას] ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მოტივი, უკაცრავად, მაგრამ მე მგონი რაღაც ალტერნატიულ სამართლებრივ რეალობაში ცხოვრობენ ეს ადამიანები ან მათი მრჩევლები. საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს ბოიკოტის ცნებას, რომელზეც ისინი აპელირებენ და ყველაზე მთავარი, საქართველოს კონსტიტუცია, რომლის კითხვა ვერ ისწავლეს, შავი თეთრზე ამბობს, რომ თუკი მორიგი სესიის განმავლობაში მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა, ეს უკვე წარმოშობს იმის საფუძველს, რომ მოხდეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთო. ცნობისთვის, 2019 წლის აგვისტოში, სოფელ ჩორჩანასთან, ქართულმა მხარემ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. საპასუხოდ საოკუპაციო რეჟიმმა საზღვარი კილომეტრ-ნახევრით გადმოწია, დამატებითი საგუშაგოები მოაწყო და მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახადა.