დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესია ჩვენი დელეგაციისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ძალიან ხმამაღლა დაფიქსირდეს ჩვენი სიმართლის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე სესიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ რეალობის დამახინჯებას, არასწორი აღქმების ტირაჟირებას, ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ერთ-ერთი შვეიცარიელი კოლეგისგანაც ისმის შეფასებები, რომელიც ობიექტურია და რომელიც ასახავს იმ მოცემულობას, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტურად დაფიქსირდა.
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს იმის თაობაზე, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ჰყავდა დაახლოებით 24 ათასი წევრი საარჩევნო კომისიებში და ერთი ამდენი წარმომადგენელი შესაბამის საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში მხოლოდ 9 განსხვავებული აზრი იქნა დაფიქსირებული ამ წარმომადგენლებისგან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის კამპანია, რომელიც შემდგომ ააგორეს მომდევნო დღეებში, იყო თითიდან გამოწოვილი და უბრალოდ მიზნად ისახავდა იმას, რომ როგორღაც მოეხდინათ სიტუაციის დაძაბვა, რაც მათთვის იყო ერთადერთი გამოსავალი. ამას მოჰყვა ის აჟიოტაჟი, რაც გადაიზარდა სახიფათო პროცესებში.
დღეს, როდესაც შვეიცარიის წარმომადგენლისგანაც გვესმის ის, რაც არის აბსოლუტურ კორელაციაში მოცემულობასთან, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ევროპაშიც არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც მზად არიან იმისთვის, რომ ანგარიში გაუწიონ, პატივი სცენ ქართველი ერის არჩევანს და არ დაიწყონ შურისძიება ჩვენს სახელმწიფოზე იმის გამო, რომ ვიღაცისთვის შეიძლება არასასურველი არჩევანი გაკეთდა.
ის, რომ ზოგიერთებს ძალიან არ მოეწონათ და არ ეპიტნავათ ის არჩევანი, რომელიც მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა გასული წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამას ცხადყოფს მიმდინარე პროცესები. თითქოს ერთმანეთს ენაცვლებიან კონკრეტული ინსტიტუციების და ქვეყნების წარმომადგენლები და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ცდილობენ ცეცხლზე ნავთი დაასხან, თუმცა ეს ცეცხლიც აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საკომიტეტო შეხვედრები იმართება. ქართულმა მხარემ ასამბლეის წევრებს უკვე გააცნო ის ღირებულებები და მიზნები, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყანა მუშაობას განაგრძობს.