თორნიკე ჭეიშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ეს იქნება ძალიან კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა ჩვენ საქმე ამ პერიოდში

თორნიკე ჭეიშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება ძალიან კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა ჩვენ საქმე ამ პერიოდში, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას, პენიტენციურ სისტემაში პატიმრების წამებას და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

„როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ გაჟღერებული საქართველოს პარლამენტში უკვე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. შესაბამის დადგენილებას სწორედ დღეს ვუყარეთ კენჭი. დროებითი საგამოძიებო კომისია მომდევნო თვეების განმავლობაში იმუშავებს 2003-2012 წლების პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის და ამ რეჟიმის თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული შესაბამისი დანაშაულების ერთგვარ ანალიზზე. მოხდება ძალიან დეტალურად თითოეული ფაქტის შესწავლა, გამოძიება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის სტანდარტი და საზოგადოება კიდევ ერთხელ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რასთან გვქონდა ჩვენ აღნიშნულ პერიოდში საქმე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის იმ საზოგადოებისა, რომელიც დღეს უკვე აქტიურია და მას საარჩევნო უფლება აქვს, პირადად არ შესწრებია ან ასაკიდან გამომდინარე არ ახსოვს ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის დროს.

„ეს იქნება ძალიან კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა ჩვენ საქმე ამ პერიოდში, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რომ, სამწუხაროდ, სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას, პენიტენციურ სისტემაში პატიმრების წამებას, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ 2008 წლის ომის დანაშაული ჰბრალდებოდა ჩვენ ძალიან საამაყო და ღირსეულ ქართველ სამხედროებს, ბიზნესის რეკეტი - არა ერთი საკითხია, რომელზედაც მოუწევს დროებით საგამოძიებო კომისიას მსჯელობა. მომდევნო თვეები იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოვიდეს მთელი ის სპექტრი საკითხებისა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, თუმცა ჩვენ ამისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ და ვფიქრობ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ საბოლოო ჯამში უარი თქვას კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა.