ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით“ არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით - დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე

ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ინტერესების დაცვა და ასე შემდეგ.

„ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე.

არგუმენტებით საუბარი და დისკუსია ყოველთვის სჯობს უარგუმენტოდ ხმაურს და პერფორმანსებით პოზირებას. კითხვებს თუ პასუხები არ მოეძებნა, არ ივარგებს. დღემდე არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა? რაში გამოიხატება რუსეთის ინტერესების დაცვა და რატომ არის უკრაინის ბედი მიმზიდველი? რას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია, როცა დღეს გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობამდე „ხელმისაწვდომია". რას ნიშნავს „ქუჩისეული" გაგებით ქვეყანაზე ზრუნვა, როცა დაჟინებით სანქციებთან მიერთებას ითხოვენ და „ცხელ ბომბებს" ანიჭებენ უპირატესობას „ტექნიკური მთავრობის" ინიციატორები? რას ნიშნავს ქართული ტრადიციების მომხრეობა, თუ კი ოჯახური ფასეულობები უნდა „გავასხვისოთ" და კაცი ქალისგან არ განვასხვაოთ, ტაძრებს კვერცხები ვესროლოთ და სასულიერო პირები ვაბულინგოთ. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები" ვესროლოთ, ცოცხლად დავწვათ და ამის ჩამდენი გმირად გამოვაცხადოთ, ბავშვები კლასებიდან გამოვიყვანოთ და აგენტურას წინ ფარად დავუყენოთ. უმცირესობა უმრავლესობად წარმოვაჩინოთ და საპირისპირო აზრს, დემოკრატიის სახელით, განადგურებამდე ვებრძოლოთ.

ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით" არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით და ქვეყანას ცეცხლთან ნუ ათამაშებთ, ნუ შეუწყობთ ხელს იმას, რაც თქვენდაუნებურად, თქვენც დაგაზიანებთ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.