„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ყველამ იცის, რომ წითელი თბილი ფერია, ხოლო ლურჯი — ცივი. ასეა დაბადებიდან უსინათლო ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ისინი არასდროს უნახავთ. ახალი კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ენა ვიზუალური სამყაროს შესახებ ინფორმაციას ბუნებრივად ითვისებს. ის იმგვარ ასოციაციებს აჩენს, რომ საგნებისა თუ ფერების აღქმაში მათაც ეხმარება, ვისაც ეს ყველაფერი თავად არ გამოუცდია.
მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ იწვევს კონკრეტული ფერები გარკვეულ ემოციებს. მწვანე ბუნებასა და სიხასხასეს გვახსენებს, იასამნისფერი — დიდებულსა და იდუმალს. ეს ასოციაციები თითქოს ვიზუალურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მაგალითად, ანთებულ ქურაზე წითელი ცეცხლი ცხელია, ლურჯი ყინული ცივია, მწვანე მცენარე — ბუნებრივი და ა.შ. საინტერესოა, რომ დაბადებიდან უსინათლოებსაც მსგავსი ასოციაციები ექმნებათ, რაც ნიშნავს, რომ ამ კავშირების გადმოსაცემად მხოლოდ ენაც კი საკმარისია.
ამ ფენომენის გამოსაკვლევად მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა მათემატიკური და კომპიუტერული ინსტრუმენტები (მათ შორის ChatGPT) გამოიყენეს, რათა ე.წ. სიტყვითი ჩაშენებებიშეესწავლათ.
ის თითოეულ სიტყვას ვირტუალურ სივრცეში განიხილავს, სადაც ერთსა და იმავე კონტექსტში გამოყენებადი სიტყვები ერთმანეთთან ახლოს არის განლაგებული. მაგალითად, თუ "წითელი" და "ცხელი" ერთნაირ წინადადებებში ხშირად გვხვდება, მოდელი მათ ახლო-ახლო განათავსებს.
კვლევის მიზანი ასევე ისიც იყო, რომ აღმოეჩინათ, რამდენად შეეძლოთ ადამიანებს ნაკლებად ცნობილი ფერებისა და აბსტრაქტული ცნებების დაკავშირება. შემდეგ გუნდმა ამ მოდელების შედეგები როგორც მხედველობის მქონე, ისე უსინათლო ადამიანებისგან შეგროვებულ მონაცემებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ მათ ფერებზე ერთმანეთის მსგავსი ასოციაციები ექმნებოდათ, მიუხედავად სრულიად განსხვავებული აღქმისა და გამოცდილებისა.
ასოციაციები ხშირად ე.წ. მეორე რიგის თანხვედრის გზით ისწავლება, ანუ სიტყვებს შორის არაპირდაპირი კავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფერებთან ასოციაციები შეიძლება თავდაპირველად ვიზუალურ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული, მაგრამ ისინი ენის მეშვეობით დამოუკიდებლადაც გადაიცემა.
მკვლევრები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ უსინათლოებს თეორიული ცოდნა კი არ აქვთ იმის შესახებ, რომელი ფერია ცხელი და ცივი, არამედ ეს ასოციაციები ენის სტრუქტურაში ბუნებრივად არის წარმოქმნილი. ეს მაშინაც გამოიკვეთა, როცა ადამიანებს სთხოვეს, უფრო იშვიათად დაკავშირებული აბსტრაქტული ცნებები ფერებთან გაეიგივებინათ. როგორც წესი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს ისეთი ასოციაციები არ ექმნებათ, როგორიცაა სწრაფი-ნელი ყვითელთან. მიუხედავად ამისა, ორივე ტიპის ადამიანებმა ეს ორი რამ მსგავსად დააკავშირეს.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს ასოციაციები მართლაც ენის სტატისტიკურ სტრუქტურაშია ჩაშენებული", — წერენ ავტორები ნაშრომში.
ეს ენის ერთ-ერთი საოცარი შესაძლებლობაა. დროთა განმავლობაში სიტყვებს კულტურული და სენსორული მნიშვნელობების ფენები უგროვდება, რომლებიც კოლექტიური გამოცდილებით ყალიბდება. როცა ადამიანები რაიმეს "წითელ-ცხელს" ან "ყინულივით ლურჯს" უწოდებენ, ისინი მხედველობაზე დაფუძნებულ მეტაფორებს იყენებენ. დროთა განმავლობაში ისინი ენაში იმდენად მტკიცედ იბეჭდება, რომ პირდაპირი გამოცდილების გარეშეც გასაგები ხდება.
"როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ვიზუალური სამყაროს უშუალო გამოცდილება, ფლობდნენ მდიდარ ვიზუალურ ცოდნას? ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ პასუხი არის ენა — უფრო ზუსტად კი მისი სტრუქტურა, რომელიც აღქმითი სამყაროს შესახებ ინფორმაციის მდიდარი საცავია", — ასკვნიან ავტორები.