თენგიზ შარმანაშვილი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე: ეს არის დესტრუქციული ელემენტების თავყრილობა, რომლებიც დაიწყებენ ახალი დესტრუქციული საქმიანობისთვის მსჯელობას საქართველოში და შეიძლება სხვა ქვეყნებში

თენგიზ შარმანაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრას ეხმიანება, რომელზეც სპიკერების როლში ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ახობაძე, ნინო დოლიძე, შოთა დიღმელაშვილი და ანა ფოტიგა წარდგებიან. დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ გაირკვევა, რომ ამ შეხვედრებს ევროკავშირი აფინანსებს.

„იდეა, რომელსაც ისინი ხმამაღლა აცხადებენ, ხიდების მშენებლობაა საზოგადოებაში და დასახელებულია ისეთი გვარები, რომლებიც მთელი თავიანთი უახლესი პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში ხიდების ნგრევითა და სიძულვილის ენის გაღვივებით იყვნენ დაკავებულები. არავითარ ხიდების მშენებლობაზე იქ საუბარი არ იქნება. ეს არის დესტრუქციული ელემენტების თავყრილობა, რომლებიც დაიწყებენ ახალი დესტრუქციული საქმიანობისთვის მსჯელობას საქართველოში და შეიძლება სხვა ქვეყნებში. ყველაფერი დაუფინანსებიათ და ყველაფრისთვის მხარი დაუჭერიათ, თუ რაიმე დესტრუქციული მოხდა საქართველოში და ახლა ეს დესტრუქციული თავყრილობაც თუ დააფინანსეს, რა გასაკვირი იქნება?“, - ამბობს შარმანაშვილი.

შეხვედრები სტრასბურგში 20-23 ოქტომბერს გაიმართება. „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს კითხვით მიმართა, აფინანსებს თუ არა ევროკავშირი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებს და პასუხს ამ დრომდე ელის.