1791316484
თენგიზ შარმანაშვილი: მე არ გამკვირვებია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეუთო/ოდირზე უარი თქვა, ისევე როგორც ბევრ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც ძალიან არასწორად გამოიყენებოდა ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ
თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს. ამ თემაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციების უსამართლო დამოკიდებულებაზე გაამახვილა.
„ადრე, როცა ვთანამშრომლობდით ამ ორგანიზაციებთან, ვიცოდით - შენიშვნას რომ დაგვიწერდნენ, ეს იყო მეტ-ნაკლებად გულწრფელად დაწერილი შენიშვნები, რომლებზეც უნდა გვემუშავა და გამოგვესწორებინა. ამაზე ვთანამშრომლობდით, გვეხმარებოდნენ, რომ უკეთესი ნაბიჯები გადაგვედგა. სამწუხაროდ, ახლა ისინი გახდნენ ორგანიზაციები, რომლებიც იდეოლოგიურად ამზადებენ ამა თუ იმ ქვეყანაში არეულობას, გადატრიალებას თუ მსგავს არალეგიტიმურ ნაბიჯებს. ეს ძალიან კარგად იცის უკვე ამერიკის ადმინისტრაციამაც - საკუთარ თავზეც ბევრჯერ გამოცადეს ამ ტიპის ორგანიზაციების დასკვნები, რომლებიც რეალობას კი არ შეესაბამებოდა და მიზნად ამა თუ იმ ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არ ისახავდა, არამედ დიფ სთეითის ხელში იარაღად იყო გამოყენებული სხვადასხვა დესტრუქციული საკითხის აგორებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არ გამკვირვებია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამაზეც უარი თქვა, ისევე როგორც ბევრ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც ძალიან არასწორად გამოიყენებოდნენ იგივე ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს შარმანაშვილი.










