თენგიზ შარმანაშვილი „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროპაგანდაში სააგენტო „მთის ამბების“ ჩართვაზე: ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ გამოცემისგან, „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებითაც გვახსოვს. ალბათ მაშინაც ფინანსდებოდნენ და დონორი ეყოლებოდათ

თენგიზ შარმანაშვილი

ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ გამოცემისგან, „ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებითაც გვახსოვს, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროპაგანდაში სააგენტო „მთის ამბების“ ჩართვაზე.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ რა თქმა უნდა, ალბათ მაშინაც ფინანსდებოდნენ და მაშინაც დონორი ეყოლებოდათ“.

„რა თქმა უნდა, პირადი ინტერესი და ის, რომ საქართველოს ან ბუნებას იცავენ, ან დემოგრაფიულთან დაკავშირებით რამე ადარდებთ, განსაკუთრებით იმ ამბების შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა, რომ ვერავითარ დემოგრაფიულ ცვლილებას საქართველოში ეს ვერ შეიტანს, არის მხოლოდ და მხოლოდ დონორის ინტერესი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

„იგლ ჰილსისა“ და ქართული ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ პროპაგანდაში ჩართულია „მთის ამბებიც“. სააგენტოს აფინანსებს გერმანიის ხელისუფლება. „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა დონორებს და პასუხს ელოდება.