ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე: საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე

საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვატიკანში, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას.

„აქ ჩანს სრული კოორდინაცია. ეს არის ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და ეს ორგანიზაციები კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს კამპანია დააწყებინეს „ლელოს“, შემდეგ გააგრძელებინეს „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცმოძრაობას“, ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცედენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და წარმატებას ვერ მიაღწევენ ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, - განაცხადა პრემიერმა.