თეა წულუკიანი: გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად აღმართული საგუშაგო იყო ის მიზეზი, რის გამოც ეს ტერიტორიები დაიკავა რუსმა ოკუპანტმა

თეა წულუკიანი

ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც გიორგი გახარია მიიღო - აღმართული საგუშაგო იყო ის მიზეზი, რის გამოც ეს ტერიტორიები დაიკავა რუსმა ოკუპანტმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ფაქტებით არის დამტკიცებული.

„მცდარი იყო მისი და ბატონი ქემოკლიძის განცხადებები, რომ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამ საგუშაგოს აღმართვით მათ საქართველოს ტერიტორია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, დაიცვეს რუსეთისგან. ფაქტები, რომელიც ჩვენ დავდეთ [დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ] დასკვნაში მეტყველებს საპირისპიროზე, რომ პირიქით, ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ტყის ძალიან დიდი ნაწილი ტერიტორია, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა გადავიდა რუსი ოკუპანტის ხელში.

იმ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და (ამას ასე ჰქვია სამართლებრივად) ჩვენ ეს ეფექტური კონტროლი დავადასტურეთ საგუშაგოს აღმართვამდე იმით, რომ მაგალითად გამოვკითხეთ ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც თქვა, რომ შეშისთვის თუ სხვა საჭიროებისთვის ამ ტყეში შედიოდა სოფლის ყველა მცხოვრები თავისუფლად. ასევე გამოვკითხეთ ის ბიზნესმენი, რომელსაც კარიერიც ჰქონდა მიმდებარე ტერიტორიაზე და არასდროს ხელშეშლა მის ბიზნესსაქმიანობაში არ ყოფილა. ასევე სოფლის მცხოვრებლები შიშის გარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას, რადგან ამ ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა ცენტრალური ხელისუფლება თბილისიდან და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც არ იყო სეპარატისტული ხელისუფლება. ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც გიორგი გახარია მიიღო - აღმართული საგუშაგო იყო ის მიზეზი, რის გამოც ეს ტერიტორიები დაიკავა რუსმა ოკუპანტმა. იქ განათავსეს არაერთი საგუშაგო მაშინ, როცა მათ არავითარი საგუშაგო მანამდე იქ არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, ოკუპანტის ის საგუშაგოები, რომელიც მათ საპასუხო ნაბიჯის სახით დააყენეს, სოფლების თავზე მოექცა და ამით შექმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის დისკომფორტი. ეს ყველაფერი დამტკიცდა ფაქტებით. ამ გამოკითხვებს პროკურატურაც ისმენდა და გახსოვთ, რომ კომისიის ვადის ამოწურვასაც არ დალოდებია სამართალდამცავი სისტემა, ისე დაიწყო ფაქტზე გამოძიება, რომელიც დღეს ბრალის წარდგენით დასრულდა“, - განაცხადა წულუკიანმა.