1735251690
თავიანთ ქვეყნებშიც კი აჩერებენ "გამჭვირვალობის კანონის" განხილვას მხოლოდ ერთი მიზნით, მთავარია, არ შესუსტდეს საქართველოზე ზეწოლა და შანტაჟი - არჩილ გორდულაძე
"ქართული ოცნება" ევროპარლამენტში "დემოკრატიის დაცვის პაკეტის" განხილვის შეყოვნებას საქართველოს ფაქტორთან აკავშირებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, არჩილ გორდულაძე ეთანხმება პრემიერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტში ამ კანონს ვერ იღებენ, რადგან შემდეგ საქართველოსგან ვეღარ მოითხოვენ იმავე შინაარსის კანონის უკან გახმობას.
"შიგნითაც კი, თავიანთ ქვეყნებშიც კი აჩერებენ ისეთი მნიშვნელოვანი კანონების განხილავს, როგორიც "გამჭვირვალობის კანონია" - მხოლოდ ერთი მიზნიდან გამომდინარე - მთავარია, არ შესუსტდეს საქართველოზე ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს საქმეებში ჩარევა. წარმოუდგენელია, ისეთი ინფორმაციები ვრცელდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჰაერიდან მოტანილ საკითხებზე - ყველაფერი არის ფაქტები და ზუსტადაც რომ საერთაშორისო დონეზე გაჟღერებული ფაქტებიდან და ანგარიშებიდან გამომდინარე," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი "დემოკრატიის დაცვის პაკეტი" ევროპარლამენტს ამ დრომდე არ განუხილავს. საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონის გაჩერების მთავარი მიზეზი არის ის, რომ იდენტური კანონის გაუქმებას ვეღარ მოითხოვენ, მათ შორის, საქართველოსგან.
ევროპარლამენტში ინიციატივა, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტსაც მოიცავს, გასულ წელს წარადგინეს. ორგანიზაცია "ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის" ანგარიშში პროექტის პრობლემებზე საუბრობს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წარსულში, ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი სხვა ქვეყნებში მიღებული "უცხოური აგენტების" კანონის მიმართ, მაგალითად, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკაში. ამ დირექტივის მიღება კი ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაკარგავს ლეგიტიმური კრიტიკის უნარს დისკრიმინაციული კანონების მიმართ მთელ მსოფლიოში."
"დემოკრატიის დაცვის პაკეტი" ითვალისწინებდა გამჭვირვალობის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, რეესტრში რეგისტრაციას, რეგისტრაცია კი მოეთხოვებოდა ყველა სუბიექტს, რომლის საქმიანობა უკავშირდებოდა მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას.