თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

კომიტეტი

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

ცვლილებების პროექტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.

კომიტეტის წევრები ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებს შეთავსებით, ერთი წლის ვადით, სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესაძლებლობა მიეცემათ.

კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.