თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი

2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად 3,5 მილიარდ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. რაც შეეხება თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას, ამ მიმართულებით 445 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ფინანსური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის რეალური ეკონომიკური ზრდა კონსერვატული მიდგომით დაიგეგმა და 5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა. პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 290, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 730,0 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ამ მიმართულებით მომავალი წლისთვის 30 475, 9 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრულ ასიგნებებზეც ისაუბრა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: თავდაცვის სამინისტრო - 1 800,0 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 473,0 მილიონი ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 265 მილიონი ლარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 120.5 მილიონი ლარი.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ხელისუფლება თავის დანაპირებს ასრულებს და მომავალ წელსაც თანამშრომლების ხელფასების 10%-ით მატებაა დაგეგმილი. მისივე შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული პირები პროფესიონალიზმით ასრულებენ საკუთარ საქმეს და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერას იმსახურებენ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით, დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხი დაისვა. აღინიშნა, რომ როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების მხრივ გამოწვევების მატების ფონზე უწყებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა მიზანშეწონილი, რაც წარმოდგენილ ფინანსური დოკუმენტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე კომიტეტსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციები გაიმართება, რათა დოკუმენტში ყველა ის საჭიროება და მოთხოვნა აისახოს, რაც უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშიც წარადგინა, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო.