1766002982
თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ძალიან კარგად იცის თუ რაოდენ მცირე შანსები აქვთ მათ, რომ „გადაურჩნენ“ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას - თორნიკე ჭეიშვილი
"ვინ, ვინ და თავად კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ", "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა ძალიან კარგად იცის ის, თუ რაოდენ მცირე შანსები აქვთ მათ, რომ "გადაურჩნენ" საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობას" ძალიან ეშინია პოლიტიკური დასასრულის და მათი ერთგვარი პოლიტიკური აგონიაც სწორედ ამის მანიშნებელია.
"ის, გზავნილები, რომლებიც ახლა გაჟღერდა თქვენს ტელეეკრანებზე, მიუთითებს ერთს, რომ მათ ძალიან ეშინიათ და ეს არის ერთგვარი პოლიტიკური აგონია იმის წინ, რასაც ჰქვია მათი საბოლოო პოლიტიკური დასასრული, იმიტომ, რომ ძალიან კარგად უწყიან თავად, თუ როგორ ჰქონდათ წესად ქცეული სწორედაც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გალაშქრება და ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედებების მთელი კასკადი და ჯაჭვი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაბამის სამართლებრივ პასუხს სცემს და შესაბამისად რეაგირებს.
სხვათა შორის, ამის დასტურია თუნდაც დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა არაკონსტიტუციური კანონები, სწორედ "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ხელში მიღებული, რომლითაც მათ ფაქტობრივად მოახდინეს სეპარატისტული პროცესების წახალისება, ვგულისხმობ ცხინვალის რეგიონს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.












