ტატა ხვედელიანი: თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას, აქტიურ ფაზაში ვართ

ტატა ხვედელიანი

„გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს ზოგადი სახის კონსულტაციები როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

ტატა ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატურებზე ვერ ისაუბრებს.

„ძალიან ბევრი განსახილველი საკითხია, განსახილველი კანდიდატურები, შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ აქტიურ ფაზაში ვართ შესული, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას. 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა, რათა წარვადგინოთ მისაღები კანდიდატურები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ძალიან ღირსეულები, იქნებიან კონსენსუსის გზით შერჩეულები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი გადაწყვეტილება მისაღები იყოს იმ პარტიების ამომრჩევლებისთვისაც, ვინც ირჩევს ბოიკოტის გზას. ჯერ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ დაგეთანხმებით და ვერ გესაუბრებით. გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები, არც სუს-ის ან პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ქარდები“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

რაც შეეხება, იყო თუ არა განხილული ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა, ტატა ხვედელიანის თქმით, ბევრი კანდიდატურა განიხილება და დღეს კონკრეტულ კანდიდატურაზე ინფორმაციას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.

„როგორც კოლეგას, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს. ბევრი ადამიანი და კანდიდატურა განიხილება ჩვენსა და „ლელოს“ შორის. სამუშაო პროცესია და კონკრეტულ კანდიდატურაზე არც დაგეთანხმებით და არც უარვყოფ. თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.