ტატა ხვედელიანი: გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, აუცილებლად მოუწევს ყველა დამნაშავეს პასუხისგება

ტატა ხვედელიანი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათთვის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და სიხარულით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, რაც გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნით გამოიხატება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ხვედელიანის თქმით, „ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც ისინი მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს“.

„მიუხედავად საკითხის უკიდურესი სერიოზულობისა, ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მალავს. მოლაპარაკებაში ჩართული ჩვენი წარმომადგენლები საზოგადოებას უმალავენ, რომ მოლაპარაკებები ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ეხება და ინფორმაციას ოსური/უცხოური მედია წყაროებიდან ვიგებთ. გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს, ამაზე კი, აუცილებლად მოუწევს ყველა დამნაშავეს პასუხისგება“, – განაცხადა ხვედელიანმა.