ტატა ხვედელიანი: ბატონი ივანიშვილი ბატონ გვარამიას დაფინანსებას თუ გაუზრდის და შემდეგი არჩევნებისთვის 140 მილიონს ჩაურიცხავს, შეიძლება, ხელისუფლებაში მართლაც მოვიდეს

ტატა ხვედელიანი

ბატონი ივანიშვილი თუ ბატონ გვარამიას დაფინანსებას გაუზრდის და, 40 მილიონის ნაცვლად, შემდეგი არჩევნებისთვის 140 მილიონს ჩაურიცხავს, შეიძლება, ხელისუფლებაში მართლაც მოვიდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ტატა ხვედელიანს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, კერძოდ გვარამიამ აღნიშნა: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.

ხვედელიანის თქმით, ნიკა გვარამიას დაფინანსებას თუ გაუზრდიან, ყველაფერი შესაძლებელია.

„ბატონი ივანიშვილი თუ ბატონ გვარამიას დაფინანსებას გაუზრდის და, 40 მილიონის ნაცვლად, შემდეგი არჩევნებისთვის 140 მილიონს ჩაურიცხავს, შეიძლება, ხელისუფლებაში მართლაც მოვიდეს, ყველაფერი შესაძლებელია“, – აღნიშნა ხვედელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საზოგადოების ნდობის მოპოვება ფულის ხარჯზე, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ხედავს „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ვხედავთ „ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, ვხედავთ არჩევნებს და იმ პროცესებს რაც წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს. ჩემს ვარაუდს გეუბნებით, რომ თუ დაფინანსებას გაუზრდის, ყველაფერი შესაძლებელია“, – აღნიშნა ხვედელიანმა.