თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტში სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და ნავსადგური პირველ გემს 2029 წელს მიიღებს

თამარ იოსელიანი

უმნიშვნელოვანესია ზოგადად ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარება და შესაბამისად, ოპერირებაში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, შუა დერეფნისთვის, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავითარებს.

„საქართველოს მთავრობას აქვს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა იმისათვის, რომ საქართველოს როლი გაიზარდოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 2030 წლისთვის დაგეგმილია ტვირთბრუნვის გაორმაგება და შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში იყოს სანდო და ეფექტიანი პარტნიორი.

„აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ბელგიური კომპანიის, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი Jan De Nul ჯგუფის გემმა Tristao Da Cunha ტალღმტეხელის არხის მოსაწყობად ფსკერის დაღრმავება დაიწყო. გემი ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს 3 მეტრის სიღრმეზე დააღრმავებს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები ხმელეთის მხარესაც. შენდება ქვისა და ღორღის ჩაყრის და ტალღმტეხის საწყისი ტანის 150-მეტრიანი პირველი მონაკვეთი. ობიექტზე მუშაობს მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ბეტონის სპეციალურ ბლოკებსა და ლოდებს აწყობს. პარალელურად, გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონაცემების მოპოვება თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და საჰაერო ლიდარ დრონების მეშვეობით ხორციელდება.

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის კიდევ უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემის Al Idrisi-ს შემოსვლა იგეგმება. გეგმის თანახმად, ორივე გემის ერთობლივი ძალისხმევით აკვატორია 17.5 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს და აშენდეს 1 376 მეტრის სიგრძის ტალღმტეხელი. 17.5 მეტრიანი სიღრმე შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის კონტეინერმზიდების მიღების შესაძლებლობას იძლევა.