თამარ ჩიბურდანიძე: გია ნოდიასნაირი იდეოლოგების მიერ გაზრდილ ახალგაზრდებს ვუცქერთ თბილისის ქუჩებში, რომლებსაც „შეურაცხოფა“ ნამდვილად ჰგონიათ თავისუფლების სიმბოლო. რაც ასწავლეს, იმას აკეთებენ

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის განათლების მინისტრის გია ნოდიას მიერ გაკეთებულ გამოხატვის თავისუფლების განმარტებას ეხმიანება.

„ასეთმა იდეოლოგიამ გაგვიზარდა ეს თაობა, რომელსაც საზოგადოების რისხვა აქვს სწორედ თავიანთი უტაქტობის, შეურაცხყოფების და სისულელეების გამო“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობა გია ნოდიასნაირი იდეოლოგიების მსხვერპლია და ეს შეცდომა ქართველმა ხალხმა 2003 წელს დაუშვა.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ თაობა გაანადგურეს, სწორედ ამაზე მივუთითებთ - გია ნოდიასნაირი იდეოლოგების „თავისუფლების მოძღვრებაზე“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულ სტანდარტებთან, რითაც დემოკრატია ფასობს. განათლების ყოფილი მინისტრი ახალგაზრდებს ღიად ეუბნება, რომ თურმე “შეურაცხყოფა თავისუფლებაა“, „სისულელის თქმა თავისუფლებაა“ და ა.შ.
წარმოგიდგენიათ, რა დღეში იყო საქართველოს განათლების სისტემა ამათ ხელში?

ასეთმა იდეოლოგიამ გაგვიზარდა ეს თაობა, რომელსაც საზოგადოების რისხვა აქვს სწორედ თავიანთი უტაქტობის, შეურაცხყოფების და სისულელეების გამო.

ეს ახალგაზრდები მსხვერპლნი არიან გია ნოდიასნაირი იდეოლოგების, რომლებმაც მილიონების ფასად შეძლეს და ორი თაობა წაართვეს ქვეყანას. მათი დამახინჯებული დემოკრატიის მოძღვრებით გაზრდილი თაობის ყურება ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს ჩვენი ხვედრია. შეცდომა ქართველმა ხალხმა დაუშვა 2003 წელს და იმ შეცდომას, კიდევ დიდხანს მოვიმკით.

ერთი კი კარგია, დღეს უკვე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებს, ხშირად წამოსცდებათ სიმართლე. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარყვნეს ახალგაზრდობა, სწორედ იმისკენ მიუთითებს გია ნოდია თავის „მინაწერ სტატუსში“. მადლობა უფალს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ვინც მათ ხელში არ ჩავარდა, გადარჩა. საქართველოში ვერასოდეს წაშლიან ზრდილობის და პატივისცემის კულტურას, რომელსაც უპირველესად ოჯახებში ასწავლიან და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. გია ნოდიას კი შევახსენებთ ხალხურ სიბრძნეს - „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.