თამარ ჩიბურდანიძე: ელენე ხოშტარიასთვის თუ შეიძლება რუსული ფულის მიღება, გორელი პედაგოგებისთვის რატომ არ შეიძლება განათლების მიღება საუკეთესო რუსულ უნივერსიტეტში? ოპოზიცია ვერ დაუწესებს სტანდარტებს ქართულ საზოგადოებას

თამარ ჩიბურდანიძე

„ქართლის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გორელმა პედაგოგებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში 2-კვირიანი ტრენინგი გაიარეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და სვამს კითხვას, თუ ელენე ხოშტარიასთვის შეიძლება რუსული ფულის მიღება, გორელი პედაგოგებისთვის რატომ არ შეიძლება განათლების მიღება საუკეთესო რუსულ უნივერსიტეტში?

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას ოპოზიცია ვერ დაუწესებს სტანდარტებს.

„სოციალურ ქსელში ერთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ გორელ პედაგოგებს, რომლებმაც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ტრენინგები გაიარეს. არ მთავრდება სტიგმატიზაცია ამ გაყიდული ოპოზიციისგან.

ელენე ხოშტარიასთვის თუ შეიძლება რუსული ფულის მიღება, ამ პედაგოგებისთვის რატომ არ შეიძლება რუსეთის უმაღლესი დონის უნივერსიტეტში განათლების მიღება?!

რომელი უფრო დიდი დანაშაულია? ხოშტარიას გარდა, მათგან კიდევ ბევრი იღებს რუსეთიდან დაფინანსებას და ამაზე არაფერს საუბრობენ. არც მათზე, ვინც ჩუმად დაძვრება რუსეთის ჩინოვნიკების კარზე.

რაც შეიძლება მეტი უნდა წავიდეს რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, დუბაის, ისრაელის და სხვა ქვეყნების საუკეთესო უნივერსიტეტებში და მიიღონ განათლება.

არ ვთვლი, რომ დასავლეთი ერთადერთია უმაღლესი ცოდნით. რაღა ვთქვათ პეკინის, ტოკიოს, დელის, დუბაის და თუნდაც რუსეთის საუნივერსიტეტო მიღწევებზე, რომლებიც მსოფლიოს აოცებენ დღეს. ასე რომ, არავინ აყვეს თავად უცხოური ფულით მართული აგენტურის ნარატივებს. ოპოზიცია ვერ დაუწესებს სტანდარტებს ქართულ საზოგადოებას.

რაც შეეხება რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებს, მხოლოდ განათლებით და არა აგენტობით შეიძლება იმ პრობლემის მოგვარება, რაც ჩვენს შორის არის. მხოლოდ ჭკვიანს არ ეშინია მტრის, რადგან მას შეუძლია ცოდნით დაამარცხოს ის.

ბუნებრივია, მათთვის ეს გაუგებარია, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სოროსის ფულებით იზრდებოდა. საბედნიეროდ, აგენტების დრო დამთავრდა ქართულ პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც, ახლა ამ ნარატივებისგან თავისუფალი თაობა იზრდება, რომელთათვისაც არ იქნება შეზღუდვა უცხოეთიდან თითის ქნევით. ეს თავისუფალი თაობა იქნება საქართველოს საუკეთესო მომავალი და სწორედ ამას ვზრდით დღეს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.