არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
მარკო რუბიოს ზარი არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის ინტერესები არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციას ამზადებს, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი და ეს ზარიც ბუნებრივია.
„საქართველოს და ირანს შორის უმოკლესი მანძილი არის 160 კილომეტრი. აშშ სახმელეთო ოპერაციას ამზადებს, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი და ბუნებრივია ეს ზარი. მარკო რუბიოს ზარი არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოს მიმართ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 9/11 ის შემდეგ, შევარდნაძის შემდეგ, როგორ დაიწყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამა და ამას ძალიან მალე მოჰყვა ცვლილება და იგივე მოხდება აქაც. საქართველოში რუსული რეჟიმის მარცხი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხის არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ტომი პიგოტმა.
სატელეფონო ზარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.