სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს კეზერაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოელ პოლიტიკოსებს თუ ბიუროკრატიის წარმომადგენლებს ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ისინი კეზერაშვილს მედიამაგნატად მოიხსენიებდნენ.

"სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და მისტერ ოფშორად წოდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა, რომ ის არის ქართული ჯარის ქურდი და ქართული ჯარის ფული გამოიყენა საკუთარი მერკანტილური მიზნებისათვის. ეს ადამიანი არამხოლოდ უცხოელ ხანდაზმულ ადამიანებს ძარცვავს, არამედ ყველაზე მძიმე რაც შეიძლება ეროვნებით ქართველმა და სულით ჯაშუშმა ჩაიდინოს - მან ქართველი ჯარისკაცები გაძარცვა. რაც შეეხება კონკრეტული მუცლის დარღვევასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული ნაწილია და გადაწყვეტილებაში წერია, რომ არავითარი გავლენა არ ჰქონია სასამართლო გადაწყვეტილებაზე. უცხოური დაფინანსების წყაროს ერთ-ერთი გამტარი არის დავით კეზერაშვილი, რომელიც ამ დაფინანსებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანაში ყიდულობს გადაადგილების და სეირნობის უფლებას, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. არაერთი ქვეყნისთვის გვაქვს მიმართული, რომ გადმოგვეცეს დამნაშავე, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და დამნაშავედ ცნობილი ადამიანი. საინტერესოა, რას იტყვიან ის უცხოელი პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებდნენ და წერდნენ, რომ დავით კეზერაშვილი მედია მაგნატი იყო. საინტერესოა, ახლა მაინც თუ გამოვლენ და მოიხდიან ბოდიშს ქართველი ხალხის წინაშე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.