სოსო თოფურიძე და მისნარი ადამიანები არ იმსახურებენ არც ჩემს, არც თქვენს დროს - ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე უკანონობა რომ იყოს, ეს არ გამოეპარებოდა სუს-ს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაკონტროლებელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებზე მაშინ, როცა მმართველ პარტიაში დიდი ოდენობით „შავი ფული" ტრიალებს, უხერხულია.

„ყველგან აუცილებელია გამჭვირვალობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებებში. ამ მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც ოპოზიციაშია და მთელი 10 წელი ძალიან მძიმე და მიზანმიმართული ფინანსური წნეხის ქვეშ მოქმედებდა, რაიმე უკანონობა რომ იყოს, ეს არ გამოეპარებოდა სუს-ს, რომელიც მუდმივად ჩვენი ერთ - ერთი ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაკონტროლებელია. მაშინ როცა „ქართულ ოცნებაში“ უდიდესი „შავი ფულის“ კონვერტებით ტრიალი ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ შემოსავალზე საუბარი ცოტა უხერხულია. სოსო თოფურიძე და სოსო თოფურიძისნაირი ადამიანები არ იმსახურებენ არც ჩემს, არც თქვენს დროს და არ მივიჩნევ ამ ადამიანებს კომენტარის შესაბამის რაიმე სიმბოლოდაც კი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.