სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა

 სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო  ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის წევრებმა ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

მომხსენებელმა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე, სურსათის კვლევასა და გენეტიკურ ტესტირებაზე.

ირაკლი გულედანმა კომიტეტის წევრებს ლაბორატორიის მიერ განხორციელებული კვლევების სტატისტიკა გააცნო. მისივე თქმით, ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან.

მომხსენებელმა ლაბორატორიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლაბორატორიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა და რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ლაბორატორიების საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გაძლიერება და  ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. მის საქმიანობაზეა დამოკიდებული ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და სურსათის უვნებლობა, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა.კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.