სხვადასხვა ზომის მიღება გარდაუვალია... ამ ზომების საპირწონე არის ორი ნაბიჯი - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ანა დოლიძე ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ანა დოლიძე

ევროპარლამენტარების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ბერდია სიჭინავა დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები და მოქმედებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს.

"ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფები და უმრავლესობა არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვების მომხრე, ქართველი ხალხის გვერდით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათი კრიტიკული გზავნილები და მოქმედებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ხალხმა და დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ახალი არჩევნების ჩანიშვნა," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით კი, ევროკავშირი აუცილებლად მიიღებს გარკვეულ ზომებს და ამ ზომების საპირწონე მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს უწევს ნახსენები იყოს არასასიამოვნო ვითარებაში ევროპაში, თუმცა ეს გარდაუვალია. მირჩევნია, ქართულ კულტურაზე, ხელოვნებაზე, გამოგონებებზე, ქართულ სტარტაპებზე იყოს საუბარი. გარდაუვალია, რომ მიღებული იქნება სხვადასხვა ზომა. ამ ზომების საპირწონე, როგორც ამბობენ ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები, არის ორადორი ნაბიჯი - ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება," - აცხადებს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით ისარგებლა 27-მა ევროდეპუტატმა, რომელთაც ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე. ევროდეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაზშივე არ დაეთანხმა.